უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება საქართველოში შემოსვლისას მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოში შემოსვლისას ვალდებული იქნება მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს.

აღნიშნულს, პარლამენტში ინიცირებული „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტები გულისხმობს.

როგორც „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მესამე პირების (დაზარალებული) დაცვა.

მესამე პირთა დასაცავად, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველსაყოფად შექმნილ შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრში“ განცალკევებულ ანგარიში.

კერძოდ, განმარტებითი ბარათის თანახმად, „ცენტრი“ ვალდებულია , გააჩნდეს განცალკევებული ანგარიში, რომლის ყოველთვიური საშუალო ნაშთი უნდა იყოს არანაკლებ 400 ათასი ლარისა, რაც უზრუნველყოფს „ცენტრი“–ს უნარიანობას მოახდინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა და არ მოხდეს დაზარალებული მესამე პირებისათვის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ან ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეფერხება.

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი