რუსთავის მერია ”ინტერნტრანსს” რუსთავი-თბილისის სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვებს რამდენიმე დღეში გადასცემს

რუსთავი-თბილისის რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „ინტერტრანსი“ დასახელდა.

როგორც საკონკურსო კომისიამ განმარტა, ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო, რომელმაც საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა და შესაბამისად, ნებართვას აღნიშნულ მარშრუტის თერთმეტივე ლოტზე მოიპოვებს.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, რეზო თედორაძის განმარტებით, შპს „ინტერტრანსის“ ნულოვანი გარბენის მქონე და ევრო 4 სტანდარტის ავტომობილები აღჭურვილია GPS ნავიგაციური სისტემით და თანამედროვე ტიპის, ელექტრონული გადახდის ტერმინალებით. მისი ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია შეინარჩუნებს მგზავრობის არსებულ ფასს და დაასაქმებს აღნიშნულ მარშრუტებზე მომუშავე მძღოლებს. ამასთან, კომპანია დამატებით სოციალური პაკეტის შეთავაზებასაც გეგმავს, რაც მძღოლებისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფას გულისხმობს.

,,ინტერტრანსი” შემოდის ახალი, კომფორტული, თანამედროვე სტანდარტების 287 ერთეული მე-2 კატეგორიის ტრანსპორტით. კომისიამ ყველა მათგანი დაათვალიერა და დაადგინა შესაბამისობა. რამდენიმე დღეში, რუსთავის მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს და გადასცემს ნებართვებს. "ინტერტრანსი" კი თავის მხრივ, დადებს ხელშეკრულებას მძღოლებთან. აქვე მინდა ვთქვა, რომ მძღოლების უმრავლესობა 95% ან მთლიანად, როგორც ეს საკონკურსო წესითაა გათვალისწინებული, იქნებიან ისინი, ვინც ამჟამად მუშაობენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, შესაძლოა, დაემატონ სხვებიც, თუმცა აუცილებლად ადგილობრივები,” - განაცხადა თედორაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენარჩუნებული იქნება მგზავრობის დღეისათვის არსებული ფასი და ის არ გაიზრდება. მისი თქმით, კომისია მონიტორინგს გაუწევს გამარჯვებული კომპანიის მიერ საკონკურსო პირობების სრულად შესრულებას.

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსი 2014 წლის 14 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 17 მარტს დასრულდა.

კონკურსში განაცხადი სულ სამმა კომპანიამ წარადგინა. შპს „ინტერტრანსმა“ თერთმეტ ლოტზე, შპს „რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტმა“ სამ ლოტზე, ხოლო „ საქართველოს სატრანსპორტო კომპანიამ“ (ე.წ. ალდაგი) - ერთ ლოტზე. ამ უკანასკნელმა განაცხადის გატანის სურვილი საკონკურსო პაკეტების გახსნამდე გამოთქვა. ამასთან, კონკურსს გამოეთიშა კომპანია „რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტიც“, რის მიზეზადაც საკონკურსო მოთხოვნებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობა გახდა. კომისიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ საჭირო დოკუმენტის წარდგენა ვერ შეძლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიცემულ ხუთდღიან ვადაშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლებისა და ხაზების მეპატრონეების ადვოკატმა, რევაზ რიჟამაძემ კონკურსის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ სამარშრუტო ხაზის დასაკავებლად გამოცხადებულ ტენდერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური ლობირებენ, რის დასტურადაც მან ის დაასახელა, რომ "ინტერტრანსს", საბანკო გარანტიას კახა კალაძის ბანკი "პროგრეს ბანკი" უწევდა. მისი თქმით, “ინტერტრანსი“ იყო კონკურსში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელმაც ყველა ლოტზე საბანკო გარანტია 50 000 ლარი წარადგინა. საერთო ჯამში კონკურსისთვის ინტერტრანსმა 550 000 ლარის საბანკო გარანტია დადო.

რიჟამაძის ეს განცხადება რუსთავის მერის მოადგილემ, დავით სხირტლაძემ უარყო და განაცხადა, რომ ”რაიმე გარიგებაზე საუბარი, ყოველგვარ ლოგიკას სცილდება”.