აკაკი ზოიძე საქართველოში ე.წ. ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკის დანერგვის ინიციატივით გამოდის

დადგა დრო, უფრო მკვეთრი და თამამი ნაბიჯების გადადგმისა საერთაშორისოდ აპრობირებული ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზოიძის თქმით, ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოება, ორგანიზაციები და ქვეყნები ჩამოყალიბდნენ საერთო მიდგომაზე, რომ საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი პოლიტიკა.

”ნარკოპოლიტიკის თემა არ არის ერთგვაროვანი და წლების განმავლობაში კამათის და პოლიტიკური ბატალიების საგანია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოება ყალიბდება საერთო მიდგომაზე, რომ მხოლოდ რეპრესიებით ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს ვერ შევამცირებთ, საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირებას და სამართალადამცავთა ქმედებებს. ამ ოთხი სვეტის ჰარმონიულ შეთავსებას იყენებს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით. ეს მიდგომა ედო საფუძვლად მიდგომას, რომელსაც თანმიმდევრულად ეწეოდა ”ქართული ოცნება” მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და შემსუბუქდა მთელი რიგი ნორმები”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება ინიცირება ახალი კანონპროექტის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტმა შეიმუშავა.

”საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელში ასახული მიგდომა შეიძლება გამოიხატოს სამი ძირითადი გზავნილით - ნარკომომხმარებელი კრიმინალი არ არის, თუ არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ ჩადის სხვა დანაშაულს, ის კი არ უნდა დაისაჯოს ციხეში გამომწყვდევით, არამედ უნდა დავეხმაროთ ცხოვრების გამოსწორებაში, არანაირი კომპრომისი არ უნდა იქნას დაშვებული და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს საკანონმდებლო ნორმები და სამართალდაცვითი ღონისძიები, რომლებიც მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, მათ შორის უნდა მოხდეს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობის გათანაბრება ნარკოტიკულ დანაშაულთან. ასევე პრევენცია ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მიმართებაში, უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო ნაბიჯები და სპორტი უნდა იქცეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად იარაღად. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ იმედი გაქვს, რომ დისკუსიაში ჩაერთვებიან”, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.