"ხუდონჰესის" ინვესტორი - გარწმუნებთ, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება

"ხუდონის" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" ინვესტორები მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა დღეს მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ინდოელმა ინვესტორებმა საკუთარ გამოცდილებასა და "ხუდონის" პროექტით დაინტერესების მიზეზებზე იმსჯელეს. მათი განცხადებით, ჰიდროენერგია, როგორც ყველაზე სუფთა, ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის წყარო, იდეალურ განახლებად საწვავად არის მიჩნეული.

"მე 60-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის მფლობელი ვარ. ამ 60 წლის განმავლობაში, 30-მდე ნაგებობის მშენებლობა გვაქვს განხორციელებული. როდესაც "ხუდონჰესის" პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით, რასაც ვეჭიდებოდით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროექტის განხორციელებას ყველა სტანდარტის დაცვით შევძლებთ. აქვე გეტყვით, რომ "ხუდონჰესის" პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩატარებულ კვლევებში უამრავ საერთაშორისო და ცნობილ ორგანიზაციას აქვს მონაწილეობა მიღებული", - აღნიშნა მოჰინდერ ვერმამ.

ბუპენდრა კანსაგრამ, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მიმართ მადლიერება გამოხატა.

”საქართველოს მთავრობა მხარს გვიჭერს და აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან პროექტის განხორციელების საქმეში. როგორც კი მშენებლობის ნებართვა გვექნება, სერიოზულ და ცნობილ ინვესტორებს მოვიზიდავთ, ამისთვის საკმარისად გვაქვს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური რესურსი. აქვე გეტყვით, რომ "ხუდონჰესზე" გაცილებით დიდი მასშტაბის პროექტები გაგვიხორციელებია და ძალიან დიდი წარმატებით", - განაცხადა ბუპენდრა კანსაგრამ.

კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯიას" ტექნიკური ხელმძღვანელის, დავით მირცხულავას, თქმით, "ხუდონჰესის" მშენებლობის შემდეგ გამომუშავებული ენერგია 15 %- ით გაზრდის საქართველოს გენერაციას.

"ეს ენერგია იქნება საქართველოს ენერგოსისტემის ენერგია, ამიტომ 15%-ის ნაზარდი, ნებისმიერ ბიზნესში და ენერგეტიკაშიც, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ "ხუდონის" აშენებით და დარეგულირებით, იქმნება 470 მილიონი კილოვატ-საათი დამატებითი ენერგია საქართველოს ყველაზე მსხვილ ენერგოობიექტებზე, "ენგურჰესსა" და "ვარდნილჰესზე", - აღნიშნა დავით მირცხულავამ.

"ტრანს ელექტრიკას" ტექნიკური ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დამატებითი ელექტროენერგიის მონეტარიზაცია 20-წლიან პერიოდზე 1,35 მილიარდი დოლარია. მისი თქმით, "ხუდონჰესის" მშენებლობის დროს 4 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით და დისპეჩერიზაციით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ყოველწლიურად 19 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს.