საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.
პროექტის ავტორი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილები შედის ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება: ა) მოტოციკლით, რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 კუბურ სანტიმეტრზე მეტია; მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, 8-ს არ აღემატება და სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან სატრანსპორტო საშუალების მისაბმელით – გამოიწვევს მძღოლის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
ხოლო, სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოში სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტობუსით მოძრაობა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – მძღოლის 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამასთან, როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 2 დღიანი ვადა მიეცემა და ამ პერიოდში მძღოლი განმეორებით არ დაჯარიმდება.