„ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა სწორად მიმაჩნია.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ „ინტერნპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის გარემოს დაცვითი მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო ქმედება, თუმცა რამდენად განხორციელდება და როგორ, ეს სხვა თემაა.
„კანონით ყველა გარემობა იყო გათვალისწინებული, რომლითაც სავალდებულია მმართველის დანიშვნა. წლების განმავლობაში იყო შეუსრულებელი ვალდებულებები, რის გამოც დიდი ზიანი იყო“, - აღნიშნა ნინო გუჯარაიძემ.
მისივე თქმით, გეგმა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა, იყო მხოლოდ საკითხების ჩამონათვალი.
„ამ ეტაპზე ახალი ცნობილი არაფერია, უნდა ვნახოთ დოკუმენტი და შემდეგ მონიტორინგს გავუწევთ შესაბამისი დოკუმენტის განხორციელებას. დოკუმენტი როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი, ასე თუ ისე, შევძლებთ შეფასებას, შეასრულებს თუ ვერა იმ პირობებს. რადგან ეს პროცესი გარემოს დაცვის მმართველთან არის დაკავშირებული და სასამართლოს დადგინებით ხდება, უნდა იყოს სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი შესასრულებელი. ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტული საკითხები იქნება გაწერილი“, - აღნიშნა ნინო გუჯარაიძემ.