ბექა ნაცვლიშვილი - მიწა ამოწურვადი რესურსია, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა

მიწის ფლობა ეს არ არის უფლება. ეს არის პასუხისმგებლობა , - ამის შესახებ ”ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების” ლიდერმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვისას განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, როდესაც ქვეყანას არ აქვს დადგენილი მიწის ბალანსი, თუ ვის ეკუთვნის და რა კატეგორიის მიწები გაგვაჩნია, დაუშვებელია მის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება. ამასთან, მისივე თქმით, მიწის გასხვისება დაუშვებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგანაც სხვა ფაქტორებთან ერთად მიწა არის ამოწურვადი რესურსი.

”კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და გასხვისების აკრძალვა, რომ შემდგომში თუ მოვა ოდესმე სათავეში ნეოლიბერალური და რადიკალურ ლიბერალური ხელისუფლება, მიწის გასხვისება იყოს განუხორციელებელი. მიწა არის ამოწურვადი რესურსი, გარდა ამისა, ის სასურსათო უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატმა ოპონენტებსაც მიმართა და ისინი მათ მიერ გაკეთებულ განცხადებების გამო გააკრიტიკა.

”ნახსენები იყო, თითქოს ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ მიწა როგორც საბაზრო პროდუქტი გაცვალოს განათლებაზე, გაცვალოს ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. ტრაგედია სწორედ ის არის, რომ თქვენთვის ჯანდაცვა და განათლება საბაზრო პროდუქტია და ის არის სწორედ ბოროტება, რომ ადამიანი თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტილების წინაშე დააყენოთ, რომ მან ან მიწა გაასხვისოს ან ოპერაცია გაიკეთოს”, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.