საქართველოს ოკუპირებული და პრივატიზებული მიწების ჯამი, რომელიც დღეს უცხოელთა ხელშია, 25%-ზე მეტია , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმცირესობისა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების მისამართით განაცხადა.
ქუცნაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად მათ ქვეყანას ოკუპირებული და გაყიდული მიწები დაუტოვეს.
”რა გაქვთ საამაყო, როცა საქართველოს ტერიტორიების 25% გაყიდული და ოკუპირებული გაქვთ? ეს დატოვეთ თქვენ მემკვიდრეობით! თუ ჩვენ გვინდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი ნებართვის გარეშე მიწების გაყიდვის შეჩერება, ეს ძირითად კანონში უნდა ეწეროს”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ იჯარის ფორმა, რისი შემოღებაც იგეგმება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეზღუდავს და არ წაართმევს იმის შესაძლებლობას, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები სასოფლო მეურნეობის წარმოებისთვის გამოიყენონ.
პარლამენტში გრძელდება პირველი მოსმენით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება. პროექტის ავტორი და ინიციატორია “ქართული ოცნების“ 40-დეპუტატი.
პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.
თავის მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.