2017 წლის 1-ელი ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახური იუწყება.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ივლისიდან მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს, საკანონმდებლო ცვლილება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, 1 ივლისს ამოქმედდება. ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო სიახლის მიზანი, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.
საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმი 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
„ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს შეეხება. ამასთან, მზადდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი იმ საგამონაკლისო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვა, შესაძლებელი იქნება უცხოურ ვალუტაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან 2 კვირის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 299 299, უბნის საგადასახადო ოფიცრებისა და საგადასახადო მრჩევლის „პრივეს“ მომსახურებით. მეწარმეებს გაეგზავნებათ როგორც სატელეფონო, ასევე ელექტრონული შეტყობინებები. დაგეგმილია ღია კარის დღეები თბილისსა და რეგიონებში. გრაფიკი გამოქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებ - www.rs.ge და facebook გვერდებზე.