თურქეთში YouTube დაბლოკეს

Twitter-ის დაბლოკვიდან ერთი კვირის შემდეგ და არჩევნებამდე ზუსტად სამი დღით ადრე თურქეთის მთავრობამ ამჯერად YouTube დაბლოკა.

YouTube-ის დაბლოკვა დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიდეო ქსელში საიდუმლო შეხვედრების ჩანაწერები გავრცელდა. ვიდეო, რომელიც ანონიმურმა მომხმარებელმა ატვირთა, სავარაუდოდ, წარმოადგენდა თურქეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსის, საგარეო საქმეთა მინისტრის

და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის მოადგილეს შორის საუბარს, სადაც ისინი სირიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციას განიხილავდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თურქეთი ვიდეო ქსელს ბლოკავს. თურქულმა სასამართლომ ვიდეო ქსელი 2007 წელს დაბლოკა, მას შემდეგ, რაც მისი მეშვეობით თანამედროვე თურქეთის ფუძემდებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის შეურაცხმყოფელი ვიდეოები გავრცელდა.

რაც შეეხება Twitter-ს, ის თურქეთში გასულ კვირას დაიბლოკა და პრემიერ მინისტრმა ერდოღანმა პირობა დადო, რომ მას სრულად "აღმოფხვრიდა" და არა მარტო მას, არამედ Facebook-სა და YouTube-ს. თუმცა, თურქ ინტერნეტ მომხმარებლებს ქსელით სარგებლობა ალტერნატიული გზით, sms-ების საშუალებით მაინც შეეძლოთ. მართალია, გუშინ თურქეთის სასამართლომ ანკარაში მიიღო გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა Twitter-ზე, თუმცა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას რამდენიმე კვირა დასჭირდება.