მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგია რამდენიმე თვეში მზად იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გარდა, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები - მაღალმთიანი რეგიონების მაჟორიტარები, ასევე მეცნიერები და ექსპერტები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიის, სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განისაზღვრა კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა.

კომისიის წევრთა განცხადებით, მუშაობა კომპლექსურად მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით - საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, კომისია მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების ინფრასტრუქტურული და დარგობრივი განვითარების, ასევე სოციალურ საკითხებზე.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებას კომისია უკვე რამდენიმე თვეში გეგმავს, ხოლო შესაბამის კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში განსახილველად საშემოდგომო სესიაზე შევა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე - როგორც საკნონმდებლო პაკეტის, ისე სტრატეგიაზე მუშაობის თვალსაზრისით, მუშაობის პროცესში საზოგადოების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.