გასულ წელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობები 2014-2015 წლებთან შედარებით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2016 წელს - სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობი - 240.0 ათასი ჰექტარი იყო, რაც 2015 წელთან (263.7 ათასი ჰა) შედარებით 23.7 ათასი ჰექტარით არის შემცირებული. 2014 წელს კი საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობი - 274.9 ათასი ჰექტარი იყო.
მათივე ცნობით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ნათესი ფართობი გაიზარდა და 2016 წელს 60.5 ათასი ჰექტარი შეადგინა; საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი კი შემცირდა და 179.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.
რაც შეეხება ერთწლიან კულტურებს, საქსტატის 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, ხორბლის წარმოება გაიზარდა. კერძოდ, 2016 წელს 126.6 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2015 წელს ეს მონაცემი 125.6 ათასი ტონა, ხოლო 2014 წელს - 47.5 ათასი ტონა იყო.
2015 წელთან შედარებით გაიზარდა სიმინდის წარმოებაც და 2016 წელს 243.7 ათასი ტონა შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2014 წელთან შედარებით, მისი წარმოება გასულ წელს 47.9 ათასი ტონით იყო შემცირებული. 2015 წელს კი სიმინდის წარმოებამ 184.6 ათასი ტონა შეადგინა.
ასევე გასულ წელს 2015 წელთან შედარებით გაზრდილი, 2014 წელთან შედარებით კი შემცირებული იყო ლობიოს წარმოებაც. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს მისმა წარმოებამ - 5.8 ათასი ტონა; 2015 წელს - 5.5; 2014 წელს კი - 7.6 ათასი ტონა შეადგინა.
2016 წელს გაიზარდა კარტოფილის წარმოება და 249.0 ათასი ტონა შეადგინა. 2015 წელს ეს მონაცემი - 186.5; ხოლო 2014 წელს - 215.3 ათასი ტონა იყო.
საქსტატის ცნობით, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს შემცირდა მზესუმზირის წარმოება და 3.2 ათასი ტონა შეადგინა. მაშინ როცა 2015 წელს - 4.3 ათასი ტონა; ხოლო 2014 წელს - 1.6 ათასი ტონა იყო.
ამასთან, საქსტატის 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, წინა წელს შემცირდა კიტრისა და პომიდორის წარმოებაც. კერძოდ, პომიდორის წარმოებამ 2016 წელს 54.1 ათასი ტონა; 2015 წელს - 58.1; ხოლო 2014 წელს - 54.9 ათასი ტონა შეადგინა. რაც შეეხება კიტრს, 2016 წელს მისი წარმოება - 18.7 ათასი ტონა იყო, რაც 2015 წელთან შედარებით 3.5 ათასი ტონით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 5.6 ათასი ტონით არის შემცირებული.