უხოური კომპანიების შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზის“, „ტერაბანკის“ „ფილიპ მორისის“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ წინააღმდეგ ზეწოლა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისივე თქმით, რაც ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა დაიმორჩილა, დააშანტაჟა ქართული ბიზნესი, უცხოელ ინვესტორებს მიადგა.
„2012 წელი, 5 ოქტომბერი: „მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემი ხელისუფლება თანაბარ პირობებში ჩააყენებს ბიზნესებს და აღმოფხვრის სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკას.
„თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ახდენს თქვენზე ზეწოლას აუცილებლად უნდა დაიწყო ყვირილი მე გამაუპატიურეს... და უნდა შემოჰკრა განგაშის ზარს“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს
თუმცა, მას შემდეგ დღემდე არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა ბიზნესმენმა განიცადა ზეწოლა.
ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა, ჯერ დაიმორჩილა, დააშანტაჟა და სრულ მორჩილებაში მოიყვანა ქართული ბიზნესი, ხოლო შემდეგ უცხოელ ინვესტორებს მიადგა. კომპანიებს, რომელთაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვთ განახორციელებული საქართველოში. ამ კომპანიებზე ხდება ხელოვნურად, მიზანმიმართულად პრობლემების შექმნა, რაშიც ივანიშვილს მხარს უმაგრებს ასევე მის მორჩილებაში მყოფი სასამართლო სისტემა და ამ სისტემის ურცხვი მოსამართლეები.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ნაწილს იმ უცხოურ კომპანიებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ქმედებები და ასევე, იმ მოსამართლეების გვარებს, ვინც ამ უკანონობაშია ჩართული.
შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოსამართლე გიორგი დარახველიძე, ჯარიმის ოდენობა 365 მლნ ლარი. მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ჯარიმის ოდენობა 200 მლნ ლარი.
„ტერაბანკი“ „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, ჯარიმის ოდენობა 150 მლნ აშშ დოლარი.
„დემირელის კოლეჯი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,5 მლნ ლარი, დაყადაღებულია მთელი მათი ქონება, ხოლო მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მუსტაფა ჩაბუქს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,35 მლნ ლარი, ხოლო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის მოქალაქე ჯიაჰან ჰაკინი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდანვე გაუკეთეს დეპორტაცია”, - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ.
პარტიაში მოითხოვენ, შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა. რადგანაც მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის და საქართველოს იმიჯისთვის, რაც აუცილებლად გამოიღებს თავის უარყოფით შედეგს ”ქვეყნის ისედაც შეჩერებული ეკონომიკური განვითარებისთვის”.