ქვეყნებიდან მილიონერების სიმრავლით აშშ ლიდერობს, ქალაქებიდან - ლონდონი

მილიონერების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 4 მილიონი მილიონერი ცხოვრობს; მეორე ადგილზე იაპონიაა (1 მილიონი), მესამეზე კი - დიდი ბრიტანეთი (815 ათასი), - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა New World Wealth-მა გამოაქვეყნა.

მდიდართა სიმრავლის მიხედვით შედგენილ ათეულში მოხვდნენ გერმანია, ჩინეთი, კანადა, შვეიცარია, ბრაზილია, საფრანგეთი და სინგაპურიც, სადაც 225 ათასი მილიონერი ცხოვრობს.

ლიდერების სიაში 82,3 ათასი მილიონერით რუსეთი საკმაოდ შორსაა, აქედან 52,5 ათასი მათგანი მოსკოვში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში მილიონერთა რიცხვი მეზობელ ქვეყანაში თითქმის 100 ათასით შემცირდა. როგორც თავად რუსული წყაროები აცხადებენ, მდიდართა შემცირების ტენდენცია ქვეყანაში უკვე წლებია, ფიქსირდება.

ამასთან, კვლევის ავტორებმა მოიძიეს ინფორმაცია მილიონერთა საყვარელი ქალაქების შესახებ, რომელთა შორის, პირველ ადგილზე ლონდონია, დანარჩენ ადგილებს ნიუ-იორკი, ტოკიო, სინგაპური და ჰონკონგი იყოფენ.

New World Wealth წერს, რომ ბოლო ათწლეულში შეინიშნება შეძლებულ ადამიანთა დიდი მიგრაციაც, კერძოდ, 2003-2013 წლებში დიდ ბრიტანეთს 114 ათასი უცხოელი მილიონერი შეემატა, სინგაპურს - 45 ათასი, ხოლო აშშ-ს - 42,4 ათასი. ამასთან, სამშობლო ყველაზე მეტმა ჩინელმა მილიონერმა დატოვა (76,2 ათასმა), მეორე ადგილზე ინდოეთია - 43,3 ათასი, მესამეზე - საფრანგეთი (31,7 ათასი).