სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმი გამოცხადდება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილეს, 87 ხმით, ერთხმად მიიღეს.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.