ახალგაკეთებული ზაჰესის ხიდის მისასვლელი გზა ჩაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია “მონიტორი“ ავრცელებს. იმის გასარკვევად, თუ რა გახდა რეაბილიტაციიდან 3 თვის შემდეგ ხიდთან მისასვლელი გზის ჩამონგრევის მიზეზი - „ბიზნესპრესნიუსი“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა.
„წვიმის გამო მიწის მონაკვეთი ჩავარდა და ხიდთან მისასვლელი გზა დაზიანდა. თუმცა, ეს ხიდის ძირითად კონსტრუქციას არ შეხებია. წვიმამ მიწა გამორეცხა და გზის მცირე მონაკვეთის ჩავარდნა ამან გამოიწვია. ტერიტორია უკვე გაიწმინდა და რამდენიმე დღეში დაზიანებული მონაკვეთიც შეკეთდება,“-აღნიშნეს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.
ცნობისთვის, ზაჰესის ახალი ხიდი, 3-წლიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2017 წლის მარტში გაიხსნა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში ყველაფერი კაპიტალურად შეკეთდა და მათ შორის ხიდთან მისასვლელი გზაც ახალი ორფენიანი ასფალტით მოპირკეთდა.
„მართალია ამ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგრამ დაზღვეულები არასდროს ვართ. რადგან ეს მოხდა, შესაბამისი ღონისძიება გატარდება და გზა იმ ფორმით შეკეთდება, რომ შემდეგში ასეთი შედეგი აღარ მივიღოთ,“-აღნიშნეს მერიაში.
ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.