შარშან ციტრუსის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს, 20 მილიონ დოლარს მიაღწია

2013-2014 წელს აჭარიდან 65 ათასი ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა, - განაცხადეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც უწყების საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მანდარინი რეალიზაციისთვის 9 ქვეყანაში გაიტანეს, მათ შორის რუსეთშიც, სადაც ბოლო 9 წელია, ექსპორტი არ განხორციელებულა.

”ციტრუსის სუბსიდირებაზე 13 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 12 მილიონი ლარი გამოიყო სტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისათვის (ყოველ კილოგრამზე - 15 თეთრი). ხოლო არასტანდარტულზე - 10 თეთრი”, - აღნიშნეს სამინისტროში.

ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით რეგიონში 33 მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოო შეიქმნა, თუმცა, ყველაზე მეტი, 13 ათასი ტონა, არასტანდარტული მანდარინი ქობულეთის საკონსერვო ქარხანამ მიიღო. საწარმო ,,აქტივების მართვის ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფს’’ ეკუთვნის.

სულ, ექსპერტების გათვლებით, 2013 წელს 100-110 ათასი ტონა ციტრუსი მოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს მანდარინისა თუ ფორთოხლის ექსპორტიდან რეკორდულად მაღალი თანხა - 20 მილიონი დოლარი შემოვიდა. რუსეთის ემბარგომდე, 2005 წელს ციტრუსის ექსპორტის მოცულობა 6 მილიონი დოლარით განისაზღვრა. 2009 წელს კი 16 მილიონ დოლარს მიაღწია.