ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი დაიხარჯა.
ამის მიუხედავად, დღეს სოფლის მეურნეობის ამსახველი სტატისტიკა იმედისმომცემი ნამდვილად არ არის: ნული ინვესტიცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში და მხოლოდ 10 მილიონი გასული წლის განმავლობაში. ბოლო 10 წელიწადია, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში არ შეცვლილა და 8,4-9,4%-ის ფარგლებში მერყეობს. არის თუ არა 1,5 მილიარდი ლარი წყალში გადაყრილი ფული და რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო დაფინანსებით შესრულებული პროგრამები?
ირაკლი კოჭლამაზაშვილი, "ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის" (ISET) აგრარული მიმართულების უფროსი მკვლევარი: - არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, სადღაც მცირე ცვლილებები გვაქვს, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. ბევრი სახელმწიფო პროგრამა მოკლევადიანი იყო და როგორც ამბობენ, სისხლის გადასხმის ფუნქციას ასრულებდა. მაგალითად, როგორც კი შეწყდა უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობებიც შემცირდა. ეს შედეგი მაჩვენებელია იმისა, რომ მიწების უფასო ხვნა-თესვისთვის დახარჯული ფულით ხელისუფლებამ პრობლემა კი არ აღმოფხვრა, ცოტა ხნით გადაავადა და პლუს ცუდი სამსახური გაუწია ფერმერებს, რადგან მასზე დამოკიდებული გახადა. შედეგად, ფერმერი ნაკლებად ზრუნავს განვითარებაზე, კონკურენტუნარიანობაზე, და როგორც კი შეწყდა სახელმწიფო პროგრამა, ნათესი ფართობებიც შემცირდა.
კიდევ ერთი მიზეზი შესაბამისი ცოდნისა და უნარების უქონლობა, თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობაა. სწორედ ამ მიზეზით ათწლეულებია, მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.
როცა გვაქვს დაბალპროდუქტიული წარმოება, ნაკლებად დაზღვეული წარმოებისა და მარკეტინგის რისკები, რაც ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში კვლავ ამინდსა და გარემო პირობებზე ვართ დამოკიდებული, რომელ განვითარებაზეა ლაპარაკი. სოფლის მეურნეობაში გრძელვადიანი პროექტებია საჭირო. უნდა მოხდეს ფერმერების ცნობიერების ამაღლება. ბევრ გლეხს მოსავალი წინაპრებისგან ნასწავლი მეთოდებით მოჰყავს, რაც დღეს არაკონკურენტულია. არადა, არსებობს თანამედროვე, მაღალპროდუქტიული ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები... ამას გარდა, სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ პირველადი წარმოება და შესაბამისად, არც მხოლოდ პირველადი წარმოების განვითარებაა საკმარისი. დამატებული ღირებულება გადამუშავების, შენახვის, დასაწყობებისა და ბაზრისთვის მიწოდების დროს იქმნება.
სოფლის მეურნეობას მარკეტინგული გამართვაც სჭირდება. მაგალითად, ჩვენთან სეზონზე ყველას ერთი და იგივე პროდუქტი გამოაქვს გასაყიდად, რაც პროდუქციის ფასს აგდებს. კარგი მოსავალიც რომ მიიღონ, ასეთ პირობებში მაინც მცირე შემოსავალი ექნებათ. ამიტომ უნდა არსებობდეს კონსოლიდაციის ცენტრები, კოოპერატივები სერვისისა და მარკეტინგის მიმართულებით, რაც გავრცელებული ფორმაა აგრარულად განვითარებულ ქვეყნებში. როცა გლეხს კარგი მოსავალი მოჰყავს, უნდა ჰყავდეს გარანტირებული მყიდველი და თვითონაც შეეძლოს პროდუქციის უწყვეტად მიწოდება. უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, რათა თუნდაც შუამავალი გამოთიშონ და თავიანთ პროდუქტზე მეტი დამატებითი ღირებულება მიიღონ.
მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფა, ამაზე ევროკავშირის დირექტივებიც მიგვითითებს. ამასთან, ეს პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობას. უვნებელი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ!
სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობაში მხოლოდ სუბსიდიით არ გამოიხატება. შარშან სახელმწიფო შესყიდვებში საკვების შესასყიდად სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციისთვის დაახლოებით 118 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის ჯარისთვის, ბაღებისა და სკოლებისთვის. სახელმწიფო შესყიდვებისას შესაძლებელია აქცენტი ქართულ პროდუქციაზე გაკეთდეს, რაც ადგილობრივ წარმოებას დამატებით სტიმულს მისცემს. მით უფრო, რომ გვაქვს მთელი რიგი პროდუქტები და მათი სწორად შენახვის, დასაწყობებისა და რეალიზაციის პირობებში შესაძლებელია იმპორტირებულისთვის კონკურენციის გაწევა. მეტიც, გვაქვს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ვერც კი ვიყენებთ. ამის მაგალითია მატყლი - ხშირად მას წვავენ და ანადგურებენ, რადგან მატყლის გადამუშავების ინდუსტრია არა გვაქვს განვითარებული.
პროგრამებში თავიდანვე უნდა იყოს გაწერილი ინდიკატორები, რომელთა მიხედვით მათი ეფექტიანობა შეფასდება. ჩვენთან ამის პრაქტიკა არ არსებობს და არც არავინ ცდილობს დანერგვას.
სოფლის მეურნეობაში შედეგი არ დგება დღეს და ხვალ, შედეგი დიდი ხნის შემდეგ მოდის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების გამოტანა, რათა მომავლისთვის სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ყველა სახელმწიფო პროგრამაში უნდა იყოს ინდიკატორები, რათა დახარჯული სუბსიდიის ეფექტიანობა გავზომოთ, გამოვიტანოთ დასკვნები და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ემა ტუხიაშვილი
წყარო „კვირის პალიტრა"