აჭარაში, სოფელ კირნათის მცხოვრებლებმა ჰესის მშენებლობა შეაჩერეს

აჭარაში, სოფელ კირნათის მცხოვრებლები კომპენსაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

მოსახლეობას ჰესის მშენებლობის გამო, საკუთარი მიწის ნაკვეთების დათმობა უხდება. მათი თქმით, ჰესის მშენებელი კომპანია 130-მდე ოჯახს კომპენსაციას არ აძლევს.

ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ჰესთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან.

„კომპენსაციის ანაზღაურებას, სასაფლაოების კეთილმოწყობას და განსახლებას ვითხოვთ, რადგან ჰესის მშენებლობის გამო, საცხოვრებელი სახლები და სასაფლაოები იტბორება. კომპენსაცია ოჯახების ნაწილმა უკვე აიღო, თუმცა 130-მდე ოჯახს ამ დრომდე არ აგვიღია. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპენსაცია სრულად გაიცა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ამ წუთებში ჰესის მშნებელობა შევაჩერეთ, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედრას ვთხოვთ, თუმცა არავინ გამოდის“,- აცხადებს სოფელ კირნათის მკვიდრი მევლუდ დიდმანიძე.

სოფელ კირნათში კომპანია "აჭარ ენერჯი 2007“ ჰესის მშნებელობას ახორციელებს.