თბილისში ფერმერთა კონგრესი იმართება

”ოქსფამ დიდი ბრიტანეთი საქართველოში” და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ფერმერთა კონგრესს - "ოჯახური ფერმერული მეურნეობები და სასურსათო უსაფრთხოება კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე" გამართავს.

ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის -"ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა" ფარგლებში ტარდება.

კონგრესის მიზანია, განიხილოს მცირე ფერმერთა/ქალ ფერმერთა პრობლემები სასურსათო უსაფრთხოების დაცვის ჭრილში კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე.

კონგრესის თემატიკა ორ გლობალურ კამპანიას ეხმიანება. ესენია ოქსფამის კამპანია "სურსათი და კლიმატის ცვლილებები 2014-2015" და გაეროს/მსოფლიოს ფერმერთა ფორუმის კამპანია "ოჯახური ფერმერული მეურნეობების საერთაშორისო წელი - 2014".

მცირე ფერმერთა პრობლემატიკა განიხილება სამ სამუშაო ჯგუფში - ოჯახური ფერმერული მეურნეობები, ბიომეურნეობის განვითარება და ფერმერთა კოოპერატივები. კლიმატის ცვლილებები და გენდერის თემატიკა საერთოა ყველა სამუშაო ჯგუფისათვის.

იმისათვის, რომ მომხდარიყო სრული დაფარვა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, მიმდინარე წლის 12-დან 21 მარტამდე შესაბამისი რეგიონის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში" შვიდი რეგიონული შეხვედრა ჩატარდა, რომლებზეც მიწვეული იყვნენ საქართველოს ყველა რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფერმერები და რეგიონული ფერმერული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რეგიონულ შეხვედრებზე გამოვლინდა კონგრესის თემატიკასთან დაკავშირებული პრობლემები და მთელი საქართველოდან ეროვნული კონგრესის 75 დელეგატი აირჩიეს.

რეგიონულ შეხვედრებზე გამოვლენილი პრობლემებისა და წინადადებების გათვალისწინებით, კონგრესის დელეგატები შეიმუშავებენ, მიიღებენ და საქართველოს მთავრობას გაუგზავნიან ერთობლივი მიმართვის ტექსტს.

ფერმერთა კონგრესი სასტუმროში "დიდუბე პლაზაში" დღეს, 10:00 საათზე დაიწყო.