ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ გახსნეს.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიური კვირეული ენერგეტიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის ცენტრის ერთობლივი ეგიდით იმართება.
ევროპული მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული ქვეყნის მასშტაბით, ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში ტარდება. „მერების შეთანხმების“ ხელმომწერია საქართველოს 14 მუნიციპალიტეტი.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ,,მერების შეთანხმება“ არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც ინიცირებულ იქნა 2008 წელს ევროკავშირის მიერ კლიმატისა და ენერგეტიკული პაკეტის მიღების შემდეგ. ,,მერების შეთანხმება“ აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა და გაზარდონ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე.
”შეთანხმების ხელმომწერი ქალაქები მიზნად ისახავენ CO2-ის ემისიების შემცირებას 2020 წლისათვის მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ მწვანე, დაბალემისიანი ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.
თბილისი იყო პირველი დედალაქი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელიც 2010 წელს შეუერთდა ამ ინიციატივას.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წარმოადგნენ „მერების შეთანხმების“ ეროვნულ კოორდინატორებს და მხარს უჭერენ ,,მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს დასახული მიზნების შესრულებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.