ქართული ღვინის გასაცნობად თბილისში 100-მდე ტუროპერატორი და ბლოგერი ჩამოდის

ხვალ თბილისში ღვინის ტურიზმის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია "Wine Pleasures" იწყება.

როგორც bpn.ge- ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა განუცხადა, ორი დღის განმავლობაში 100-ზე მეტი უცხოელი ტუროპერატორი, მწერალი და ბლოგერი 30-მდე პრეზენტაციაში, ტრენინგსა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. მათ საშუალება მიეცემათ, გაიცნონ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო.

”უცხოელი სტუმრები ჩვენთან 2 აპრილამდე დარჩებიან. ამ პერიოდში მათთვის დაგეგმილია ტურები ღვინის მწარმოებლებთან, ძირითადად, კახეთში. ტუროპერატორები დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს და ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან”, - აღნიშნა დავითაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია კი ხვალ სასტუმრო ”მარიოტში” 14 საათზე გაიმართება.