შონ ო’სალივანი - აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია და დიდი ინტერესი აქვს, იყოს კონტრიბუტორი საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში , რასაც დიდი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ აზიის განვითარების ბანკის სხვა წევრ ქვეყნებზეც, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბანკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შეთანხმება 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, ვინც ამ გზის სიახლოვეს ცხოვრობს. გუშინ პირადად მოვინახულე აღნიშნული ტერიტორია, მათ შორის, ვიმყოფებოდი რიკოთის მიდამოებში, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უახლეს წლებში აღნიშნული დაფინანსების უზრუნველყოფას,“ - განაცხადა შონ ო’სალივანმა.