ქართული ღვინო ბელორუსში ”მისტიკურად” გაუჩინარდა

ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტი შეწყდა. როგორც ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა ”კომსომოლსკაია პრავდა” იუწყება, ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ უნივერსამებსა და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება.

”ბოლო წლების განმავლობაში თაროებზე უხვად შეხვდებოდით რამდენიმე ათეული კომპანიის მიერ წარმოებულ ”ქინძმარაულს”, ”ახაშენსა” და ”ხვანჭკარას”, რომლებიც ბელორუსებმა ძლიერ შეიყვარეს. ნატურალური ქართული ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ იაფ ღვინოებზე გაცილებით ძვირი ღირდა, თუმცა, უკვე გასული წლის ბოლოდან მაღაზიები მათ უკვე ვეღარ იღებენ”, - წერს გამოცემა.

როგორც ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ჟურნალისტს განუცხადეს, მარაგები სწრაფად, უკანასკნელ ბოთლამდე გაქრა, თვით იმ მწარმოებლებისაც კი, რომლებიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ.

”ეს ნამდვილი უბედურებაა - ქართულ ღვინოებს ძალიან კარგად ყიდულობდნენ, ის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. თუმცა, დღეს არავის შემოაქვს. ამბობენ, რომ ქვოტები არ არის. ჩვენ უკანასკნელი 9 ბოთლიღა დაგვრჩა”, - განაცხადეს უნივერსამ ”ევროპეისკიში”, რომელიც მინსკში მდებარეობს.

ბელორუსში ალკოჰოლის შეტანაზე უფლება მხოლოდ სპეციალურ იმპორტიორებს გააჩნიათ. ამ უფლების მისანიჭებლად ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო ყოველწლიურად კონკურსს ატარებს. ინტერნეტგამოცემა ქართული ღვინის გაუჩინარების მიზეზების დასადგენად ყველა სპეციმპორტიორს დაუკავშირდა, თუმცა, ოფიციალური პასუხის გაცემაზე ყველამ თავი შეიკავა.

”ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილი მიზეზი დავასახლოთ. ქართული ღვინო ახლა არავის შემოაქვს, ეს ფაქტია. რისი შემოტანის უფლებასაც გვაძლევს ვაჭრობის სამინისტრო, იმით შემოვიფარგლებით”, - განაცხადა ერთ-ერთმა იმპორტიორმა. ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღო ქვოტები, მეორემ კი - აქციზი იმპორტირებულ ღვინოზე, ერთ-ერთმა კი ივარაუდა, რომ პრობლემები რუსეთთან საბაჟო კავშირმა გამოიწვია.

თავად ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში ყველა ჩამოთვლილ მიზეზს აბსურდი უწოდეს.

”საიმპორტო გეოგრაფიას თავად იმპორტიორი არჩევს, ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ წინაშეა - ეს არის ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელების შემოტანა ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად. მოწოდების გეოგრაფია ჩვენ შეზღუდული არ გვაქვს”, - განაცხადეს ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად bpn.ge საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა, იქ მსგავს ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობენ.