სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, დღეს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, შეხვედრას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 90-ზე მეტი დელეგატი და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის მიზანი CAREC-ის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის მოსამზადებელი პროცედურების განხილვა იყო. მთავრობის წარმომადგენლებმა, თავიანთი სფეროების შესაბამისად, გამოთქვეს მოსაზრებები და დასახეს სამომავლო აქტივობები სტრატეგიის ფარგლებში.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა.
„დღეს საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ იმართება. CAREC-ს კოორდინატორი წელს ტაჯიკეთია, მაგრამ საქართველო, როგორც შეხვედრების პლატფორმა, ვმასპინძლობთ დღევანდელ შეხვედრას. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის თანამშრომლობა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან სხადასხვა ეკონომიკური და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების მიმართულებით, ასევე ვთანამშრომლობთ ვაჭრობასა და საბაჟო სფეროებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რათა ქვეყნებს შორის განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ერთმანეთის პროდუქციის განთავსებას აღნიშნულ ბაზრებზე“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შონ სილვერმა.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ CAREC-ზე, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობას გულისხმობს. ყველა ქვეყანა, მათ შორის ცენტრალური აზია, კავკასია და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანა ერთმანეთთან თანამშრომლობის გამტკიცებაზე მსჯელობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ვაჭრობა. დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, როგორიც ახალი სტრატეგიის შემუშავებაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო პროცესში აქტიურად ჩაერთვება, როგორც პროგრესული ქვეყანა და დაგვეხმარება, გავხდეთ ლიდერები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე ქვეყნის ჩართულობა, საქართველოსთან ერთად, CAREC-ს დამატებით სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა შონ სილვერმა.
საქართველო CAREC-ს რეგიონული ორგანიზაციაში 2016 წლის ოქტომბერში შეუერთდა და მისი მე-11 წევრი გახდა. საქართველოს გარდა, ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.