თურქული კომპანია „ბაიკანლარი“ აჭარის რეგიონში ტექსტილის ფაბრიკის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის ცნობით, „ბაიკანლარის“ ფაბრიკაში 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
„ასოციაციას თურქეთიდან კომპანია „ბაიკანლარის“ წარმომადგენელი ეწვია, რომელიც საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი და ინვესტირების იურიდიული საკითხებით დაინტერესდა.
ინვესტორი უახლოეს მომავალში აჭარის რეგიონში ტექსტილის ფაბრიკის გახსნას გეგმავს, სადაც 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამ დროისთვის, თურქი ინვესტორი არსებულ პროექტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტერიტორიულ საკითხებს აგვარებს“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
„ბაიკანლარი“ ჯინსების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.