საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საქართველოში ყველაზე გრძელმა ექსტრემალურმა ტურისტულმა ატრაქციონმა „ზიპლაინ ნარიყალა“ ფუნქციონირება დაიწყო. მასზე უკვე 200-მდე დაშვება განხორციელდა.
როგორც ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელმა ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, ატრაქციონის ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, სიმაღლე კი 30 მეტრი. მისივე თქმით, ატრაქციონზე ერთდროულად სამ ადამიანს შეუძლია დაშვება. „ზიპლაინ ნარიყალას“ აქვს როგორც სწრაფი, ასევე საშუალო სიჩქარის დაშვების რეჟიმები. ატრაქციონით სარგებლობა ბავშვებისთვისაც შესაძლებელია.
როგორც ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, ატრაქციონის საშუალებით, ბაღის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ უსაფრთხოდ ჩამოსრიალდნენ ნარიყალას კომპლექსიდან ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ საპარკე სივრცეში. მისივე თქმით, ატრაქციონის მიმართ დაინტერესება ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია. "ზიპლაინ ნარიყალაზე" ერთი დაშვება 30 ლარი ღირს.
როგორც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აცხადებენ, ატრაქციონი უკრაინულმა კომპანიამ ”აქტივიტმა” დაამონტაჟა. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 50-მდე მსგავსი ატრაქციონი აქვს მოწყობილი.
ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება.
ექსტრემალური ტურისტული ატრაქციონის „ზიპლაინ ნარიყალა“ ოფიციალური გახსნა 23 ივნისს 13:00 საათზეა დაგეგმილი.