სასტუმრო ”საქართველოს” თემა დაკავშირებულია ინვესტორთან , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სასტუმრო ”საქართველოში” მცხოვრები დევნილების ბინით დაკმაყოფილების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მინისტრის განმარტებით, შენობები, რომელიც იქ მცხოვრებ დევნილებს ჰქონდათ შერჩეული, უკვე გაიყიდა, თუმცა სუბარის მტკიცებით, როდესაც ინვესტორი მზად იქნება, სახელმწიფო მზადაა, ისინი ”ძალიან ღირსეულ ადგილას, ძალიან ღირსეული საცხოვრებლებით დააკმაყოფილოს”.
”ინვესტორი ერთი წლის წინ მზად იყო თანხა გადაეხადა, თუმცა იმ ეტაპზე მან უარი თქვა. დღესაც მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები. როდესაც ინვესტორი გამოჩნდება და იტყვის, რომ მზად არის თანხა გადაიხადოს, თანხის მეორე ნაწილს ფარავს სახელმწიფო, ისინი დატოვებენ ამ შენობას. მანამდე მათ არავინ დევნის იმ შენობიდან, არიან იქ, სადაც ცხოვრობენ ათეული წლების განმავლობაში. უბრალოდ, კარგად მესმის, რომ მოლოდინის დღეები თუ კვირები, წერილის მიღებიდან გაცილებით გრძელია, ვიდრე 10-20 წელი, როდესაც ისინი არაფერს ელოდნენ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.