როდის ირღვევა დასაქმებულთა უფლებები ჩვენს ქვეყანაში და რა შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს.
ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრა:
- საქართველოში, როგორც კერძო, ასე საჯარო სამსახურში დასაქმებულთა უფლებები სახარბიელო სულაც არ არის. დღესდღეობით მდგომარეობა ასეთია: ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ხშირად აძლევენ თავს იმის ნებას, რომ დასაქმებულთა უფლებები დაარღვიონ. ყველაზე მეტად ასეთი ფაქტები რეორგანიზაციის დროს ხდება. ხშირად ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რეორგანიზაციას ხალხის სამსახურიდან გაშვებით იწყებს. არ არის გამორიცხული, რომ ცოტა ხნის შემდეგ იმავე თანამდებობაზე სულ სხვა, მათთვის სასურველი პირი დანიშნონ. 2016 წლის გაზაფხულზე სწორედ ასეთი რეორგანიზაცია დაიწყო თავდაცვის სამინისტროში, საიდანაც თანამშრომლების ერთი ნაწილი სრულიად უკანონოდ გაუშვეს. მათი გათავისუფლების მიზეზი ავადსახსენებელი რეორგანიზაცია გახდა. 2013-2014 წლებში ამ ტიპის დარღვევებს ადგილი ჰქონდა მუნიციპალიტეტებში. მე ხელთა მაქვს ფაქტები, როცა ადამიანები უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რამდენიმე თვეში კი, მათ ნაცვლად იმავე თანამდებობაზე სულ სხვა ხალხი დანიშნეს. ეს არის უხეში დარღვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე პრობლემად რჩება და გამოსასწორებელია.
- ბატონო ირაკლი, რომელ მუნიციპალიტეტებში მოხდა ასეთი ფაქტები?
- სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ასევე - გურჯაანის მუნიციპალიტეტში და დედაქალაქის მერიაში - თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ არის ისეთი სწრაფი და ეფექტიანი, რომ დასაქმებულის უფლებები ბოლომდე დავიცვათ. შესაძლოა, ადამიანი სამსახურში კიდეც აღადგინონ, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლის შიშით უკან აღარც დაბრუნდეს. დაწესებულება ასეთ პირებს ხშირად ისევ ათავისუფლებს, ოღონდ სხვა მიზეზით. ამის შემდეგ ხელახლა იწყება 1-2-წლიანი სასამართლო განხილვები, რის გამოც ამ ადამიანებს არა აქვთ სურვილი სარჩელი შეიტანონ და თავი დაიცვან.
- ნუთუ ყველას უსამართლოდ ათავისუფლებენ?
- მე ამას არ ვამბობ. შესაძლოა მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც თავის საქმეს ზერელედ ეკიდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში არაერთი დასაქმებულის უფლებები შეილახა. მაგალითად, ორიოდე თვის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს მერიის დაქვემდებარებაში არსებული ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი. თქვეს, რომ ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს, მაგრამ ეს ბრალდებები იმდენად აბსურდული იყო, რომ ვიღაცას აშკარად მისი მოშორება სურდა. სწორედ ასეთივე, უსაფუძვლო ბრალდებებით გაუშვეს სამსახურიდან, გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფლის სკოლის დირექტორი, მაგრამ მან იჩივლა, ბევრი იბრძოლა და თავი აღიდგინა.
- რა მდგომარეობაა ამ მხრივ კერძო სექტორში?
- კერძო სექტორშიც არის დარღვევები, მაგრამ მაინც სხვა სიტუაციაა: იქ პროფესიონალიზმი უფრო მეტად ფასდება და თანამშრომლის უფლებებიც უფრო მეტად არის დაცული, რადგან კერძო სექტორი დასაქმებულთა პორფესიონალიზმზეა დამყარებული. საჯარო სამსახურში კი ბევრი რამ პირადი და პარტიულ ინტერესების მიხედვით წყდება. მიუხედავად ამისა, დარღვევები კერძო სექტორშიც არის. მაგალითად უნდა მოვიყვანო თანამდებობის პირის გათავისუფლება, რომელსაც წამყვანი პოზიცია ეკავა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში. ამ ადამინს არაერთი ჯილდო და მადლობა ჰქონდა მიღებული, მასთან ბანკს უვადო შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, მაგრამ ბანკმა ხელშეკრულება დაუსაბუთებლად შეუწყვიტა. გათავისუფლების მიზეზი ელემენტარული ტექნიკური ხარვეზი გახდა, რომელიც მან ერთ კვირაში გამოასწორა.
დასაქმებულთა უფლებები ხშირად სხვა მიზეზითაც ირღვევა: ზოგჯერ ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობს და ბოლოს, ხელფასს არ აძლევენ. მაგალითად, ჩემი კლიენტი უკვე ერთი წელია მუშაობს სამშენებლო კომპანიაში, რომელსაც ანგარიშები დაყადაღებული აქვს. საქმეს რომ გადავხედე, ეს კომპანია თანამშრომლებს ხელფასს საერთოდ ვერ გადაუხდის. მსგავსი რამ ხშირად ხდება მცირე და საშუალო ბიზნესში: შეიძლება თანამშრომლები თვეობით უკანონოდ ამუშაონ, მერე კომპანია გაკოტრდეს და ეს ხალხი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დატოვონ. საბედნიეროდ, ძლიერ კომპანიებს ეს არ ეხება.
- შრომით ხელშეკრულებებში თუ არის ხარვეზები?
- ხელშეკრულებები უმეტესად დამსაქმებლის ინტერესების სასარგებლოდ ფორმდება. მათში ხშირად არის კაბალური პირობები, მაგალითად: თუ თანამშრომელს ვადამდე ადრე გაათავისუფლებენ, ის ხელფასს ვეღარ მოითხოვს - ეს პირობა არაერთ ხელშეკრულებაშია ჩადებული. შრომით ხელშეკრულებებში კიდევ ბევრი კაბალური პირობაა, რომელიც კანონს ეწინააღდმეგება.
- და ბოლოს, პროფკავშირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბევრი იბრძოლეს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადი ყოფილიყო. რეალურად თუ სრულდება ეს?
- დიახ, კანონში წერია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ ეს სინამდვილეში არ სრულდება. ოღონდ სამსახური შეინარჩუნოს და, არც ერთი დასაქმებული ამის გამო პროტესტს არ გამოთქვამს. არც კი მჟღავნდება, რომ ადამიანი საათობით რჩება სამსახურში და ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს. ამიტომ, ზეგანაკვეთური სამუშაოს გამო სასამართლოში დავა დიდი იშვიათობაა. მართალია, 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად საქართველოში დასაქმებულთა უფლებები გაუმჯობესდა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტამდე ჩვენს შრომით კანონმდებლობას ბევრი აკლია. სწორედ ამიტომ, კანონი შეიცვალა, მაგრამ სიტუაცია ქვეყანაში იგივე დარჩა.
ხათუნა ჩიგოგიძე