ღვინის ტურიზმის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია თბილისში დღეს იხსნება

დღეს 09.30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ღვინის ტურიზმის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გასტანს.

კონფერენციის ინტენსიური პროგრმა მოიცავს მოხსენებებს ღვინის ტურიზმის თემებზე, ღვინის დეგუსტაციებს, სამუშაო შეხვედრებს და ასევე გაცნობით ღვინის ტურებს საქართველოს რეგიონებში ღვინის ტურიზმზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის.

IWINETC 2014-ის ორგანიზატორის, Wine Pleasures-ის ცნობით, ყოველწლიური კონფერენცია წელს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება, რადგან მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის ტურიზმის გამორჩეული ექსპერტები. კერძოდ, პროფესორი ლაურენს კოგანი ESC Dijon- School of Wine & Spirits-იდან, დამსწრე საზოგადოებას გააცნობს, თუ როგორ შეუძლია ღვინის ტურიზმს გაზარდოს ღვინის გაყიდვები. ასევე, კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან ავტორები წიგნისა - Georgia, Sakartvelo: the Birthplace of Wine (საქართველო - ღვინის სამშობლო) - ტერი და კატი სალივანები. მოწვეული სპიკერის რანგში, პროფესორი და Antigua Tours-ის თანამფლობელი სარა მეი ისაუბრებს თემაზე, თუ როგორ უნდა მივიზიდოთ ვიზიტორები ძირითადი ქალაქებიდან ახლომდებარე ღვინის რეგიონებში. გარდა ამისა, ვერონიკა რეაჩი, Ass National Center for Promotion of Wine Tourism-ის დირექტორი მოლდოვადან, საზოგადოებას მოუყვება თუ როგორ ყალიბდება მოლდოვა ღვინის ტურიზმის განვითარებად ბაზრად.

ამასთან, კონფერენციაზე მეღვინეობის სფეროს პროფესიონალები, ღვინის მაგისტრები, მედიისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ღვინის იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (კანადა, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, უკრაინა, შვედეთი, სინგაპური, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ საკითხებს, სიახლეებსა და ტენდენციებს განიხილავენ, კონფერენცია ღვინის ტურიზმის სექტორში წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს (www.iwinetc.com).

ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. გასულ წლებში ღონისძიებას მასპინძლობდნენ ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნები - იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ხორვატია.