ბელორუსის ხელისუფლება საქართველოს ტრაქტორების გამო გაუნაწყენდა

ქართული ღვინის ექსპორტის შეჩერების მიზეზი ბელორუსში, მეზობელ ქვეყანაში წარმოებული ტრაქტორები გახდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აღარ ყიდულობს, - ამის შესახებ bpn.ge-ს ერთ-ერთმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა ანონიმურად განუცხადა.

"ბელორუსის ხელისუფლება უკმაყოფილოა. შესაბამისად, ქვეყანაში ჩვენი ღვინის შეტანა შეაჩერა", - განაცხადა ქართველმა მეწარმემ.

ბელორუსში ქართული ღვინის”მისტიკურად” გაუჩინარების შესახებ გუშინ ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა ”კომსომოლსკაია პრავდაც” იუწყებოდა.

”ბოლო წლების განმავლობაში თაროებზე უხვად შეხვდებოდით რამდენიმე ათეული კომპანიის მიერ წარმოებულ ”ქინძმარაულს”, ”ახაშენსა” და ”ხვანჭკარას”, რომლებიც ბელორუსებმა ძლიერ შეიყვარეს. ნატურალური ქართული ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ იაფ ღვინოებზე გაცილებით ძვირი ღირდა, თუმცა, უკვე გასული წლის ბოლოდან მაღაზიები მათ უკვე ვეღარ იღებენ”, - წერს გამოცემა.

როგორც ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ჟურნალისტს განუცხადეს, მარაგები სწრაფად, უკანასკნელ ბოთლამდე გაქრა, თვით იმ მწარმოებლებისაც კი, რომლებიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ.

”ეს ნამდვილი უბედურებაა - ქართულ ღვინოებს ძალიან კარგად ყიდულობდნენ, ის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. თუმცა, დღეს არავის შემოაქვს. ამბობენ, რომ ქვოტები არ არის. ჩვენ უკანასკნელი 9 ბოთლიღა დაგვრჩა”, - განაცხადეს უნივერსამ ”ევროპეისკიში”, რომელიც მინსკში მდებარეობს.

ბელორუსში ალკოჰოლის შეტანაზე უფლება მხოლოდ სპეციალურ იმპორტიორებს გააჩნიათ. ამ უფლების მისანიჭებლად ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო ყოველწლიურად კონკურსს ატარებს. ინტერნეტგამოცემა ქართული ღვინის გაუჩინარების მიზეზების დასადგენად ყველა სპეციმპორტიორს დაუკავშირდა, თუმცა, ოფიციალური პასუხის გაცემაზე ყველამ თავი შეიკავა.

”ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილი მიზეზი დავასახლოთ. ქართული ღვინო ახლა არავის შემოაქვს, ეს ფაქტია. რისი შემოტანის უფლებასაც გვაძლევს ვაჭრობის სამინისტრო, იმით შემოვიფარგლებით”, - განაცხადა ერთ-ერთმა იმპორტიორმა. ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღო ქვოტები, მეორემ კი - აქციზი იმპორტირებულ ღვინოზე, ერთ-ერთმა კი ივარაუდა, რომ პრობლემები რუსეთთან საბაჟო კავშირმა გამოიწვია.

თავად ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში ყველა ჩამოთვლილ მიზეზს აბსურდი უწოდეს.

”საიმპორტო გეოგრაფიას თავად იმპორტიორი არჩევს, ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ წინაშეა - ეს არის ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელების შემოტანა ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად. მოწოდების გეოგრაფია ჩვენ შეზღუდული არ გვაქვს”, - განაცხადეს ბელორუსის ვაჭრობის სამინისტროში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბელორუსში ქართული ღვინის შეტანა არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს.

"ბელორუსში, ღვინის შეტანა არ აკრძალულა, არის გარკვეული შეფერხებები კონკრეტული პროცედურების გამო, რომელიც არის ძირითადად ღვინის იმპორტიორებთან დაკავშირებული. საქართველომ 2013 წელს მილიონ ნახევარ ბოთლზე მეტი ექსპორტი განახორციელა. ამ შეფერხებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ბელორუსთან. ერთი კვირის წინ იყო ბელორუსის დელეგაცია საქართველოში, სადაც ეს საკითხი დაისვა. ერთი კვირის ვადაში მოხდება ქართული დელეგაციის ვიზიტი და იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საკითხი და შეფერხებები მალე მოიხსნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.