94-ე მუხლი არის ის საკითხი, რაზეც ჩვენ მთავრობასთან განსაკუთრებული კონსულტაციები გვჭირდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
„რაც შეეხება 94-ე მუხლს, ახალი ცვლილებებით 67-ე მუხლს, თუ რატომ განისაზღვრა 12 წელი. ეს არის ის საკითხი, სადაც განსაკუთრებული კონსულტაციები გვჭირდებოდა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან, რადგან საქმე ეხება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ საკვანძო სფეროს - ეკონომიკურ სფეროს. მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვადით უნდა იყოს განსაზღვრული დროებითი რეგულაცია. საორიენტაციო 12 წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიაღწევს დაახლოებით, უხეშად 10 000 დოლარს, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება - ეს არის დაახლოებით პოზიციის არსი. ამ მიდგომიდან გამომდინარე, 12- წლიანი დათქმა ჩაიდო შესაბამის მუხლში“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ იზიარებს საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტში ასახულ ინიციატივას, რომლის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებზე რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება 12 წლის განმავლობაში იარსებებს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, უმჯობესია აღნიშნული თარიღი საპარლამენტო არჩევნებს მიებას. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარეს დეპუტატებმა: ბექა ნაცვლიშვილმა და გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ძირითად ნაწილში არსებული ჩანაწერი, რომელიც საერთო-სახალხო გადასახადების გაზრდას ან ახალი გადასახადის შემოღებაზე რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებს, გადავა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. რეფერენდუმის ვალდებულება გარდამავალი დებულებების მიხედვით 12 წლის განმავლობაში იმოქმედებს.