ტრაქტორების არშეძენის გამო ბელორუსში ღვინის ექსპორტის შეფერხების ვერსიას ქართული მხარე არ ადასტურებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია უსაფუძვლოს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ბელორუსში ქართული ღვინის ექსპორტის შეფერხება საქართველოს მთავრობის მიერ ბელორუსული ტრაქტორების შეძენაზე უარს უკავშირდება.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი კი აცხადებს, რომ ბელორუსში ქართველი ღვინის ექსპორტი არ შეჩერებულა და საქმე გვაქვს "ბიუროკრატიული მექანიზმით გამოწვეულ შეფერხებასთან".

"არავის არ აუკრძალავს ქართული ღვინის შეტანა. არავის არ გამოუცხადებია ემბარგო. ქართული ღვინო იყიდებოდა და ისევ გაიყიდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე გადაიტვირთა 15 ათასი ბოთლი კონიაკი, 25 ათასი ბოთლი ღვინო და 180 ათასი ლიტრი ღვინომასალები. იქ არის გარკვეული წესები, რომელიც წლის დასაწყისში უკავშირდება კვოტებს, მის განაწილებას. ეს კვოტები, რომელიც გაცემული იყო, ამოიწურა და ახლა, ახალი კვოტების გადანაწილება ხდება", -განაცხადა აგულაშვილმა.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შეჩერება ბელორუსულ ტრაქტორების შეძენაზე უარმა გამოიწვია, სინამდვილეს არ შეესაბამება და ის ბიზნესმენი, რომელიც ამას ამბობს, უბრალოდ ცდება.

"მე ვარ ბელორუსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და დაახლოებით ორი კვირის წინ იყო დელეგაცია ჩამოსული. ჩვენ გვქონდა მათთან საკმაოდ პოზიტიური შეხვედრები. ტრაქტორებთან დაკავშირებით, მათ რა თქმა უნდა, ინტერესი აქვთ, რომ ქართულ ბაზარზე მათი ტრაქტორები გასაღდეს და არა მხოლოდ ტრაქტორები, არამედ სხვა ტექნიკაზეც არის ლაპარაკი. ჩვენ ავუხსენით მათ და შევთავაზეთ ის შესაძლებლობები, რომელიც თავისუფალ, კონკურენტუნარიან ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას აძლევთ. დელეგაციაში იყვნენ უშუალოდ ქარხნების წარმომადგენლები და ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ერთგვარი უპირატესობაც აქვთ მათ, იმიტომ რომ, ქართველი მომხმარებლისთვის ტრაქტორი "ბელარუსი" ცნობილია. ეს ბუნებრივი უპირატესობა არ უნდა დაკარგონ და უნდა გააქტიურდნენ. ჩვენ ვერ ვიაქტიურებთ მათ ნაცვლად", - განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრებს მათ პირობა მისცეს, რომ ხელს შეუწყობენ, ოღონდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

"ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს უკეთესი პროდუქცია. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა და მერე ბელორუსულს იყიდის, ამერიკულს თუ ევროპულს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ტექნიკას შემოტანენ და ფასის ბალანსი როგორ იქნება,” - დასძინა აგულაშვილმა.

bpn.ge-ს ერთ-ერთმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა დღეს ანონიმურად განუცხადა, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შეჩერების მიზეზი ბელორუსში, მეზობელ ქვეყანაში წარმოებული ტრაქტორები გახდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აღარ ყიდულობს.

"ბელორუსის ხელისუფლება უკმაყოფილოა. შესაბამისად, ქვეყანაში ჩვენი ღვინის შეტანა შეაჩერა", - განაცხადა ქართველმა მეწარმემ.

ბელორუსში ქართული ღვინის”მისტიკურად” გაუჩინარების შესახებ გუშინ ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა ”კომსომოლსკაია პრავდაც” იუწყებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა კი განმარტა, რომ ბელორუსში ქართული ღვინის შეტანა არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს.

"ამ შეფერხებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ბელორუსთან. ერთი კვირის წინ იყო ბელორუსის დელეგაცია საქართველოში, სადაც ეს საკითხი დაისვა. ერთი კვირის ვადაში მოხდება ქართული დელეგაციის ვიზიტი და იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საკითხი და შეფერხებები მალე მოიხსნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.