400-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთარებაში გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნება მიღებული და ის მოიცავს საცხოვრებელ ფართებს თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 15 000-მდე ოჯახია, რომელსაც მთავრობის მხრიდან საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ ის შეგრძნება, რომ პირველ რიგში, მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ყველას გვაქვს ამის იმედი და არა მხოლოდ იმედი, არამედ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველოს აუცილებლად გაერთიანდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.