წელს მცირე სკოლებიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები, სულ 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის დღევანდელ სხდომას ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიაწოდა.
განათლების მინისტრს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა, რომ საზოგადოებისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. კვირიკაშვილის განცხადებით, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვებისთვის შესაძლებლობა, რომ საზაფხულო ბანაკებში დაისვენონ.
ამის შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბავშვები არიან მცირე სკოლებიდან, რაშიც სოფლის და ქალაქის მცირე სკოლები იგულისხმება.
„ეს არის ის გარემო, საიდანაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს, რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ. ერთი კვირის განმავლობაში 7 ბანაკში დაისვენებენ. ეს მხოლოდ დასვენება არ არის, ყველა ბანაკი შემეცნებითია. გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი ბანაკი, პროფესიულ სასწავლებელთან ერთობლივი ბანაკი. იმედი გაქვს, რომ მომავალში ეს დაფარავს მთელ საქართველოს მცირე სკოლებს. კვებას, ტრანსპორტირებას - ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს და ფაქტობრივად, დავფაროთ, მცირე სკოლების მთელი ტერიტორია. წელს 11 000 ბავშვია, შედარებითვის შარშან სულ ბანაკებში 4 000 ბავშვი იყო“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ყველა სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.