თოვლი თუ სერვისი - რა აკლიათ ქართულ ზამთრის კურორტებს სრულყოფილებისთვის

ჩვენთვის ზამთარი უკვე რა ხანია დასრულდა და გადავწყვიტეთ შეგვეჯამებინა, რა მოუტანა წლევანდელმა სეზონმა საქართველოს ზამთრის კურორტებს, რამდენად წარმატებული და მომგებიანი იყო ეს სეზონი მათთვის.

თუმცა, როგორც გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა გვითხრა, მათთვის ზამთარი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგანაც კვლავ თოვლის მოლოდინში არიან.

"ჯერჯერობით ჩვენი სააგენტოს შემოსავალი შარშანდელს 5-8 პროცენტით ჩამოუვარდება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან გუდაურში სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დაგეგმილი გვაქვს სპორტული შეჯიბრებები, ჩემპიონატები და ღონისძიებები, ამ დღეებში კურორტზე 300-მდე სპორტსმენი ჩამოდის. მარტის ბოლო დღეებში თოვლსაც ველოდებით, მაგრამ ტემპერატურამაც ხელი უნდა შეგვიწყოს, რომ თოვლი შენარჩუნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონი მინიმუმ 6 აპრილამდე არ დაიხურება, მაგრამ ჩვენ გვინდა 13-14 აპირლამდეც მივიდეთ, გააჩნია თოვლის რაოდენობა როგორი იქნება," - ამბობს ონოფრიშვილი. მისი თქმით, ტურისტულ სააგენტოებს შეკვეთები 6 აპრილამდე აქვთ.

"აპრილის ბოლოს უკვე ყველაფერი დათვლილი და გარკვეული გვექნება და საბოლოო შედეგებს მასმედიას და საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით," - დასძინა ონოფრიშვილმა, თუმცა საბოლოო შედეგების არქონას ხელი არ შეუშლია ქართული კურორტების ნაკლოვანებებზე

ესაუბრა - თოვლის ნაკლებობაზე.

"თოვლი რომ ყოფილიყო, გუდაურში ორჯერ მეტი რაოდენობის ტურისტს მივიღებდით და ღირსეულადაც ვუმასპინძლებდით," - აღნიშნა მან.

ონოფრიშვილი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის დასაძლევად ერთადერთი გზა არსებობს: გათოვლიანების სისტემის შექმნა, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ავსტრიისა და საფრანგეთის წამყვან კომპანიებთან, რომლებსაც ამგვარი სისტემების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

"მაგრამ ჩვენი შემოსავალი ამ საქმეს ვერ გაწვდება. ამიტომ, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი: საირიგაციო სისტემა უნდა აიგოს, უნდა გაკეთდეს ტბა და ეს რამდენიმე მილიონი ევრო დაჯდება, ელექტროსისტემაც მოსაწესრიგებელია... ტბიდან თოვლის აპარატები წყლით მომარაგდება, მერე კი, ეს აპარატები წყალს ხელოვნურ თოვლად გარდაქმნის. თოვლის აპარატიც საკმაოდ ძვირი ღირს - 16 ათასი ვეროდან 30-40 ათას ევრომდე, მაგრამ მთლიანად სისტემა უფრო ძვირია: მარტო გუდაურს დაახლოებით 30-35 მილიონი ლარი დასჭირდება, მაგრამ გათოვლიანების სისტემას თუ დავაყენებთ, ძალიან დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ - ბუნებაზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით, სეზონი ყოველთვის დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება და სასტუმროებს უკვე დაჯავშნილი ბილეთების გაუქმება აღარ მოუწევთ. ეს მთლიანად შეცვლის სიტუაციას გუდაურში," - ამბობს ონოფრიშვილი.

სამთო ტურიზმის ექსპერტი ნიკა ერქომაიშვილი მიიჩნევს, რომ უთოვლობა მსოფლიოს ბევრი კურორტისათვის დიდი პრობლემაა და ჩვენი ზამთრის კურორტები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ.

”ამ სეზონზე კერძო სასტუმროები უარესის მოლოდინში იყვნენ იმის გამო, რომ თოვლი არ იყო. საქართველოს ზამთრის კურორტებისადმი ინტერესი არსებობს, მაგრამ კლიმატი ხელს არ გვიწყობს. თუმცა, ტურისტებს პრეტენზიები ცუდი სერვისის გამოც აქვთ. სვანეთში მაგალითად, წელს კარგი თოვლი იყო, მაგრამ ძალიან ცუდი ანტირეკლამა დაიდო ინტერნეტში: იქ ეწერა, სვანეთში საშინელი სერვისი აქვთო... წელს საკმაოდ დატვირთული იყო ბაკურიანი, იქ თოვლიც ნორმალური იყო, მაგრამ დამსვენებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო,” - ამბობს ერქომაიშივლი.

მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია, რომ ხელოვნური თოვლის აპარატები მაინც აუცილებელია, რადგან წელს გუდაური თოვლის ნაკლებობის გამო განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

”ევროპაში ყველგან ხელოვნური თოვლის მანქანები აქვთ, მათ შორის - ალპებშიც. ზამთრის კურორტი დამოკიდებული ვერ იქნება იმაზე, მოვა თოვლი, თუ არ მოვა. სხვათა შორის, პირინეის მთებში ძალიან ბევრი კურორტი დაიხურა და მოკვდა იმის გამო, რომ იქ თოვლი აღარ იყო. 25 წლის წინ სულ სხვა სიტუაცია იყო ყველგან. ჩვენთანაც, მთაში, დეკემბრიდან აპრილის ბოლომდე თოვლი არ დნებოდა, ახლა კი, გლობალური დათბობაა, რომელიც ყველგან მოქმედებს. მყინვარწვერზე თოვლი წელიწადში 22-მეტრით იკლებს მაშინ, როცა 25 წლის წინ ერთ მეტრიც არ აკლდებოდა. ძალიან კარგია, რომ უკვე შემუშავდა პროექტი, საუბარია უცხოურ ივესტიციებზე, რათა თოვლის მანქანები შეიძინონ და დააყენონ, რაც აუცილებელია, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება მომავალი წელი. ამ ზამთარში, მაგალითად, ალპების სამხრეთ ნაწილში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში იგივე პრობლემა იყო, რაც გუდაურში,” - ამბობს ერქომაიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რუსუდან მამაცაშვილი ამბობს, რომ მართალია საბოლოო მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ ადმინისტრაციაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

”ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ზამთრის კურორტებზე ხალხის მოსაზიდად, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შარშან წლევანდელთან შედარებით უკეთესი სეზონი გვქონდა. რაც შეეხება დატვირთვას, ბაკურიანში, გუდაურში და მესტიაში დატვირთვის მაჩვენებლები ერთმანეთისაგან განსხვავებულია: გუდაურში იანვარში 34 პროცენტი იყო, თებერვალში - 59, ხოლო მარტში - 29 პროცენტი. შარშან, იანვარში დატვირთვის მაჩვენებელი იყო 49 პროცენტი, ხოლო თებერვალში - 47 პროცენტი. ბაკურიანში შედარებით კარგი მდგომარეობა გვქონდა თოვლის გამო: ბაკურიანში გასული წლის იანვარში დატვირთვის მაჩვენებელი 33 პროცენტი იყო, ხოლო წელს - 38 პროცენტი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა გუდაურშიც, ბაკურიანშიც. მესტიაში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გვქონდა ღონისძიება, ტურისტულ გამოფენებში ჩვენს კურორტებს მაქსიმალურად წარმოვაჩენდით, მაგრამ კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიწყო,” - ამბობს მამაცაშვილი.

მისი თქმით, სერვისის თვალსაზრისით თუკი რამე პრეტენზია არსებობდა, ეს კერძო სექტორმა თავად უნდა მოაგვაროს სერვისის განვითარების გზით, რადგან ტურიზმი მათი შემოსავლის წყაროა.

ხათუნა ჩიგოგიძე