საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC), ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირთან ერთად, ნავთობპროდუქტების ბიზნესსექტორში მოღვაწე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა , თემზე: ”არბიტრაჟი - სასამართლოს ეფექტური ალეტრნატივა”.
ღონისძიების მიზანი იყო არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენა სასამართლოსთან შედარებით.
ღონისძიებაზე განიხილეს არბიტრაჟში დავის განხილვის თავისებურებები საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მაგალითზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა უცხოელ პარტნიორებთან დავების პრევენციის მიზნით, პრაქტიკული თავისებურებებისა და რეკომენდაციების განხილვაზე.
შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა, და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა გახსნეს, საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, არბიტრაჟი არის პარტნიორებთან ურთიერთობის ცივილური ფორმა.
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არბიტრაჟი არის პარტნიორებთან ურთიერთობის ცივილური ფორმა. განსხვავება არბიტრაჟსა და სასამართლოს შორის არის ის, რომ სასამართლო ყოველთვის ეძებს ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი, ხოლო არბიტრაჟი ცდილობს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
ნინო ჩიქოვანის განცხადებით, არბიტრაჟი წარმოადგენს დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სასამართლოს განტვირთვას კომერციული დავების შემთხვევაში.
”დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ გაიგოს არბიტრაჟის არსებობის შესახებ და გამოიყენონ ეს მექანიზმი გრძელვადიანი სასამართლო დავების ალტერნატივად”, - განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუსაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ცენტრის წესების შემუშავება წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის მიერ მოხდა.