არაბულმა ქვეყნებმა ყატარისგან მოითხოვეს, გაწყვიტოს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები და საამისოდ ყატარს ორი კვირის ვადას აძლევენ.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ იუწყება დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც იმ არაბულმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს, რომლებმაც 5 ივნისს ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.
სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტში 13 მოთხოვნაა წარდგენილი, მათ შორის ტელეარხ Al Jazeera-ს დახურვა, თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა და ყატარში თურქეთის სამხედრო ბაზის დახურვა.
ტერორისტული საფრთხის შემცირების მიზნით, ყატარს რეკომენდაცია ეძლევა შეწყვიტოს საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინისა და ეგვიპტის მოქალაქეების ნატურალიზება და ყველა იმ ძებნილი პირის გადაცემა, ვინც ყატარში იმალება.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, აღნიშნული მოთხოვნების სია ყატარს ქუვეითმა გადასცა, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის შექმნილ კრიზისში შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ეგვიპტემ, იემენმა, ლიბიის დროებითმა მთავრობამ, მალდივის რესპუბლიკამ და მავრიკიმ 5 ივნისს, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. მათ ოფიციალური დოჰა ტერორიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის დაფინანსებასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.