საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელებას იწყებს.
რეესტრის ცნობით, სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ გეორგაფიულ არეალებში სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.
მთავრობის დადგენილებით, საპილოტო პროექტისთვის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, 12 დასახლება შეირჩა. ესენია : მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო, მზისგული, შუახევ. ამ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეები საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ.
დაბა მანგლისი პირველია იმ თორმეტი დასახლებიდან, საიდანაც სისტემური რეგისტრაციების სამუშაოების განხორციელება დაიწყება.
როგორც რეესტრში აღნიშნავენ, მიწის რეგისტრაციის მეორე ეტაპის ფარგლებში მოქალაქეებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ.
საპილოტო პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საპილოტო პროექტის განხორციელების შედეგად, მიწის სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგია შემუშავდება, რომელიც სახელმწიფოს სასოფლო-სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებასა და სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება.
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ახორციელებს.
ცნობისთვის, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი - სპორადული რეგისტრაციები, რომლის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებას და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვის შემდეგ იწყებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, 160 000-ზე მეტი რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.
რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტის ფარგლებში კი მიწები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დარეგისტრირდება.
სისტემური რეგისტრაციების წინა მოსამზადებელი სამუშაოები ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ. ითვალისწინებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.