ინფექციური დაავადებები, რომლებიც ახასიათებს ზაფხულის სეზონსა და მაღალ ტემპერატურას დაკავშირებულია საკვების გაფუჭებასთან, მალფუჭებად საკვებთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ნახევრად შემწვარი ან ნახევრად მოხარშული საკვების მიღება.
"ძალიან კარგად უნდა იყოს გარეცხილი პროდუქტები. აუცილებელია, რომ საკვები იყოს კარგად მომზადებული, მაქსიმალურად უნდა მოვხარშოთ და მაქსიმალურად უნდა შევწვათ ყველაფერი. როდესაც ერთ მაცივარში ვინახავთ მზა და მოსამზადებელ პროდუქტს ისინი უნდა იყოს განცალკევებული, სხვადასხვა თავდახურულ სათავსოში. უნდა მოვერიდოთ ხორცის პროდუქტების ისეთ ადგილებში შეძენას ღია სივრცეებში, ქუჩებში, სადაც არ არის ნიშანი, რომ შემოწმებულია", - განაცხადა ლელა სტურუამ.
მისივე თქმით, აუცილებელია ხელების ძალიან ხშირად დაბანა.
"ხელი უნდა დავიბანოთ ძალიან ხშირად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვებს", - განაცხადა ლელა სტურუამ.