ილია ელოშვილი - ქარის ელექტროსადგურის პროექტი ზეწარმატებულია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჩვენებელია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის პროექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჩვენებელია.

როგორც ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული პროექტი მოგებას ყოველთვის მოიტანს, რადგან მისი ეკონომიკური მაჩვენებელი, მისი ფასი დაფიქსირებულია და ის არ შეიცვლება, ვინც არ უნდა იყიდოს აქციები, იქნება კერძო სტრუქტურა, თუ ფიზიკური პირი.

”პროექტი არის ზეწარმატებული, პროექტი არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჩვენებლი, თავისი ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლებით. ზუსტად ამიტომ, ინვესტორების მხრიდან უდიდესი ინტერესი იყო, რომ ამ პროექტის შესყიდვა მომხდარიყო. ჩვენი მიმართულება არ არის, რომ ჩვენს აქტივებში გვქონდეს ისეთი აქტივები, რომელიც შეიძლება გასხვისებული იყოს. რაღაც ეტაპზე გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ღია ტენდერით საფინანსო საერთაშოროსო ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მომხდარიყო ამ პროექტის კერძო ინვესტორზე გასხვისება, თუმცა, კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, როგორც საპილოტე პროექტი საქართველოს საფონდო ბირჟაზე გაიტანოს, თითოეულ მოქალაქეს შესთავაზოს ამ პროექტის აქციების ყიდვა, რომელიც ფაქტობრივად ურისკო პროექტია, არის ძალიან მომგებიანი პროექტი და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მოქალაქეს მისცეს საშუალება იმისა, რომ იმ დოზით, რა დოზითაც შეეძლებათ, შეიძინონ ეს აქციები და ფული დააბანდონ არა სახლში და მუთაქებში, არა ბანკებში, არამედ კონკრეტულ, ცოცხალ პროექტებში. მე დარწმუნებული ვარ, ეს მიდგომა გაამართლებს ამ შემთხვევაში, ეს გახდება ჩვენი შემდგომი მუშაობის მოდელი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უფრო თამამად დაიწყებს ამგვარი პროექტების იმპლემენტაციას და ასეთი პროექტები საბოლოო ჯამში მოუტანენ სიმდიდრეს ერთ მოქალაქეს. მოგებას ის ყოველთვის მოიტანს, რადგან მისი ეკონომიკური მაჩვენებლი, მისი ფასი დაფიქსირებულია და ის არ შეიცვლება, ვინც არ უნდა იყიდოს აქციები, იქნება კერძო სტრუქტურა, თუ ფიზიკური პირი. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როდესაც სახელმწიფო წარმატებულ პროექტს იტოვებს არა თავისთვის და არ ასხვისებს რომელიმე კერძო ინვესტორზე, თუნდაც ტენდერის სახით, არამედ, გამოაქვს ეს საჯაროდ და საშუალებას აძლევს ამ სიმდიდრით სამომავლოდ ისარგებლოს თითოეულმა მოქალაქემ”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელოდება, რომ პროექტთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესი იქნება.

მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.