პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინსტროდან აცნობეს, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ლაშა ხუციშვილი.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,7 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდში, ასევე, 16 პროცენტითაა გაზრდილი ბიზნესის გამოშვება და 19 პროცენტით - ბრუნვა.
უწყების ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებლებზე ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მან, ასევე, ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.
პირველი ვიცე-პრემიერის შემდეგ, პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა. კერძოდ, ნიკოლოზ გაგუამ ისაუბრა ლარიზაციის სამთავრობო გეგმასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღნიშნული გეგმის შესაბამისად არის მიღებული. კერძოდ, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, 1-ელი ივლისს ამოქმედდება. ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ.
ლარით დადების წესის დარღვევაზე ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი კარგადაა მომზადებული, რათა კანონის ადმინისტრირება განხორციელდეს. გარდა ამისა, სამსახურმა ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო-საცნობარო ღონისძიებები ჩაატარა.
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით მომავალ კვირას განიხილავს. კოდექსის თანახმად, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. გარდა ამისა, კოდექსში ზუსტდება არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ცვლილების ნაწილი, ასევე, მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი კონსულტაციების შედეგად ბიზნესსექტორთან.
პრეზენტაციების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
„შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაგეგმილ ცვლილებებს ლარიზაციის მიმართულებით ბიზნესი მომზადებული ხვდება. ითქვა, რომ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მიმართულია როგორც ბიზნესის, ისე ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.