გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, მარნეულის, გარდაბნის, წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
,,საქართველოს რეგიონებში იგეგმება ნაგავსაყრელების მშენებლობა, მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია. ეს არის დიდბიუჯეტიანი პროექტები, რომელსაც ,,მყარი ნარჩენების მართვის სააგენტო“ უწევს ოპერირებას. რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, რომელიც უკვე მუნიციპალიტეტების დონეზეა, ეს არის ნარჩენების მართვის იმ ახალი პრინციპების დანერგვა, რასაც ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი გულისხმობს და ის შესაბამისობაშია ეროპულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, რაც საკმაოდ უცხოა ქართული რეალობისთვის. ამიტომ ჩვენ გვიწევს დამატებითი შეხვედრების გამართვა იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად კარგად წარიმართოს“, - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ.
ნარჩენების მართვის კოდექსის" მე-13 მუხლის თანახმად, 2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა. შესაძლებელია, მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა ერთობლივადაც შეიმუშაონ. ამასთან, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1-ელი აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებაში დახმარების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო რეგიონებში მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან შეხევდრებს საქართველოს მასშტაბით ატარებს.