დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი 293 დევნილ ოჯახს უყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 293 დევნილ ოჯახს შეუსყიდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან იუწყებიან.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერეს.

„პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ როგორც წესი, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები. ეს ნიშნავს, რომ დევნილი ოჯახი მხოლოდ სახლის მესაკუთრე კი არ ხდება, არამედ დამატებითი შემოსავლის წყაროც უჩნდება. „სოფლად სახლის“ პროექტი მომავალში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო სახლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთით კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.