ეკონომიკის სამინისტრო ”ნაციონალურ მოძრაობას”: „რაინეართან” მოლაპარაკებები ქუთაისის აეროპორტის გახსნამდე შეწყდა

ეკონომიკის სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით ფრენების დაწყება მხოლოდ ინერციის შედეგია და ამჟამინდელი მთავრობა საჰაერო მიმოსვლის კონკურენციის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებს.

"ხშირად გვესმოდა ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევის კონცეფციის ხშირი, არაკომპეტენტური კრიტიკა. დღეს ეკონომიკის ვარდნის, საბიუჯეტო გარღვევისა და უმუშევრობის ზრდის, ტურიზმი და ტურიზმიდან მომდინარე შემოსავალი ის არტერიაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჯერ კიდევ აცოცხლებს. ამჟამინდელი, ინერციით მზარდი ფრენები მხოლოდ მიზერული ნაწილია იმ გეგმისა, რომლის ხორცშესასხმელად პოლიტიკურ ტერორზე გადმოსული მთავრობა არაფერს აკეთებს. პროექტის მთავარი კომპონენტია მგზავრთა რაოდენობითა და ბილეთის სიიაფით მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია „რაინეარი“ (www.ryanair.com), რომელთან მოლაპარაკებები ქუთაისიდან ფრენების დაწყების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ პრაქტიკულად დასრულებული იყო. უკვე 2013 წლის მაისიდან ამ ავიაკომპანიას უნდა გაეხსნა ოთხი ევროპული მიმართულება (სავარაუდოდ, ბრიუსელი, ბარსელონა, მილანი, ფრანკფურტ-ჰანი - ბილეთის საშუალო სტატისტიკური ფასით 50 ევრო)," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზაციის კონცეფციის ავტორმა, გიორგი კანდელაკმა.

ეკონომიკის სამინისტროში "რაინეართან" მოლაპარაკებებს ადასტურებენ, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აეროპორტის გახსნამდე შეწყდა.

„ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის პერიოდში მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ავიაკომპანია „რაინეარ“-თან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოლაპარაკებები შეწყდა ჯერ კიდევ აეროპორტის გახსნამდე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში - ვერ მოხდა მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმება. ამასთან, საუბარი შეეხებოდა ორ მიმართულებას და არა ოთხს," - განაცხადეს სამინისტროში.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში „ვიზეარ“-თან დაკავშირებითაც გააკეთეს განმარტება და განაცხადეს, რომ აეროპორტის გახსნამდე ამ ავიაკომპანიასთან შეთანხმება მოხდა მხოლოდ კიევის მიმართულებაზე, ხოლო ყველა სხვა ახალ მიმართულებაზე: ვარშავა, კატოვიცე, დონეცკი, ხარკოვი, ლვოვი, ვილნიუსი, ბუდაპეშტი - მოლაპარაკებები და შეთანხმება მოხდა 2013-2014 წლებში.

"ასევე ხანგრძლივი მოლაპარაკებების და მუშაობის შედეგად, 2014 წელს „ვიზ ეარ“-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ვარადის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრის დროს ოფიციალურად გაჟღერდა 2015 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მათი ბაზირების საკითხი, რაზეც ახლა აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები, რათა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ავიაკომპანიებისთვის," - აცხადებენ სამინისტროში.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, ვილნიუსის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.

ამასთან, Wizz Air 2015 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნას გეგმავს, რაც უზრუნველყოფს ქართული ეკიპაჟების დასაქმებას და ფრენების დანიშვნას გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის მიმართულებით.