დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები დაკავებულ იქნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების 9 000 ლარად რეალიზაციის დროს.

მათივე ინფორმაციით, ამასთანავე, გამოვლენილი იქნა ის საწარმო, სადაც ბრალდებულები ახორციელებდნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების დამზადებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.