საქართველოს ბაზრით ჰოლანდიური რძისა და ხორცის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ინტერესდება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ერთ-ერთი უმხვილესი ჰოლანდიური კომპანიის Vandrie Group-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

Vandrie Group-ის კორპორატიული დირექტორი, ჰენრი სვინკელსი და მეცხოველეობისა და ხორცპროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელი, იუფ ატსმა თბილისში ორი დღის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს.

საქართველოში ჯგუფის წარმომადგენელთა პირველი ვიზიტი ითვალისწინებს ქყვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას და ხორცის გადამუშავების სექტორში წარმოების შესაძლებლობათა განხილვას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, შალვა ფიფიასთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს.

საქართველოში პოტენციური პარტნიორობის შესაძლებლობათა უკეთ გაცნობისათვის დაგეგმილია დელეგაციის წევრების საქმიანი შეხვედრები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, საპარტნიორო ფონდისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

ჰოლანდიური კონგლომერატის - Vandrie Group-ის ვიზიტს საქართველოში ორგანიზებას საინვესტიციო სააგენტო უწევს. ეს კომპანია ევროპის ბაზრის ლიდერია ხბოს ხორცის წარმოება/გადამუშავებაში. ის 1960 წელს დაარსდა და დღეისათვის 25 კომპანიას აერთიანებს, რომელთა ჯამური წლიური ბრუნვა 2 მილიარდ ევროს აჭარბებს. ჯგუფი ინტეგრირებული ხბოს პროდუქტების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში და ექსპორტს 60-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

Read this story in English: One of the biggest Dutch companies VanDrie Group interested in Georgian market