ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები შესაძლოა დღგ-სგან გათავისუფლდეს

ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები, მოპედები კვადროციკლები და ა.შ.) იმპორტი და მიწოდება, შესაძლოა, ჩათვლის უფლების გარეშე, დღგ-ისგან გათავისუფლდეს.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტრის წევრების - კახა კუჭავასა და მამუკა მდინარაძის მიერ არის ინიცირებული.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, კანონის მიღების მიზეზია ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოსახლეობის მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობა და დასახლებულ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირება.

მათი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, როგორიცაა მოტოციკლები, მოპედები, კვადროციკლები და ა.შ. იმპორტის ხარჯზე ხდება. ამასთან, ეს სატრანსპორტო საშუალებები არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს როგორც საწვავის ხარჯით, ასევე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობით. ყოველივე ეს საქართველოში განაპირობებს ავტოსატრანსპორტო სექტორიდან სათბური და სხვა სახიფათო აირების მაღალ გაფრქვევას.

“ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლები და ა.შ. საფრთხეს უქმნიან როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას, აუარესებენ ქალაქებში საცხოვრებელ პირობებს და ასუსტებენ ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობას. ელექტრო ძრავის მქონე ზემოხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებს გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები საწვავზე მომუშავე ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით: არ საჭიროებენ ძვირად ღირებულ საწვავს, ახასიათებთ ვიბრაციისა და ხმაურის დაბალი დონე და მათი დატენვა ძალიან მარტივია (პირდაპირ საყოფაცხოვრებო ჩამრთველიდან). მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი კომფორტის უზრუნველყოფასთან ერთად, ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად განაპირობებენ მოსახლეობის მოთხოვნას ელექტრო მოტოციკლებსა და სკუტერებზე. ამდენად, ქვეყანაში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული ელექტრო ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მოტოციკლების (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლების და ა.შ. ექსპლუატაციის წახალისებას“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.