რამდენიმე მეტროსადგურის დაკონსერვებული ამოსასვლელი ისევ ამოქმედდება

მერია რამდენიმე მეტროსადგურის დაკონსერვებული ამოსასვლელის აღდგენაზე მუშაობს.

ამის შესახებ დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ,თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა ჩვენი ხედვა უკვე წარვადგინეთ, რაც ითვალისწინებს მეტროს განვითარებას, მათ შორის მეტროსადგურ "ახმეტელის" კიდევ ერთი ამოსასვლელის აღდგენას, რომელიც ამჟამად დაკონსერვებულია. უნდა ვიფიქროთ "მარჯანიშვილის" მეტროს მეორე ამოსასვლელის აღდგენაზეც, რომელიც საცხოვრებელ სახლებში მოექცა,მაგრამ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს.

ამასთან, როგორც იცით, ორი დეპო გვაქვს - ნაძალადევისა და გლდანის, სადაც მეტროს ვაგონები ჩერდება, უტარდებათ ტექდათვალიერება და სხვა. არსებობს კიდევ ერთი დეპო, რომელიც დაკონსერვდა და ნაძალადევის მეტროდან დაახლოებით 300 მეტრშია. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გვირაბის საშუალებით საბურთალოს ხაზს უკავშირდება და უფრო ახლოს არის, ვიდრე ნაძალადევის დეპო. თუ ეს დეპო აღდგება, საბურთალოს ხაზის მეტროს ვაგონებს უფრო ახლომდებარე ობიექტში მოუწევთ გადაადგილება, ამით განსაზღვრულ ეკონომიას მივიღებთ“, - განაცხადა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მუმლაძემ.