დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება (ვიდეო)

მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე სწორედ დღეიდან აქტიურდება დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც მცირეშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად პირველი ეტაპია.

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და საკუთარი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, შეავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ.

დეკლარაციის შესავსებად მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ბანკებს: სს ბანკი "რესპუბლიკა"; სს "პრივატბანკი"; სს "თიბისი ბანკი"; სს "საქართველოს ბანკი"; სს "ლიბერთი ბანკი"; სს "ბაზისბანკი"; სს "ქართუ ბანკი"; სს "კორსტანდარტ ბანკი"; სს "ბანკი კონსტანტა"; სს "ფინკა ბანკი საქართველო". აღნიშნულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დეკლარაციებს საგადასახადო ორგანოში ბანკი თავად წარადგენს.

ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.

დაუბეგრავი მინიმუმი შემდეგი სქემით იანგარიშება: თუ 2013 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი (ანუ "ხელზე" წლის განმავლობაში აღებული აქვს 4800 ლარი), სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის - 1800 ლარის - 20 პროცენტს), ხოლო თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხის 20%-ს, რაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო.

საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, 25 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვიდეორგოლი დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.

ასევე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge ფუნქციონირებს ვიდეოდახმარების გრაფა. საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებ-გვერდზე განთავსებულ გრაფაში "ხშირად დასმული კითხვები" და შემოსავლების სამსახურის Facebook-ის გვერდზე - შემოსავლების სამსახური Revenue Service.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის მეშვეობითაც: 2 299 299 ან შეტყობინების გაგზავნით შემდეგ მისამართზე: info@rs.ge

Videobpn

როგორ უნდა დავიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი